რომი / ნაწილი პირველი

სადმე მოგზაურობის დაგეგმვისას, ყოველთვის რამდენიმე ეტაპია ხოლმე გასავლელი. როცა ძირითად ფინანსურ ხარჯებს გაივლი, სასტუმროებისა თუ სანახაობების ბილეთებს შეიძენ, ისეთ წვრილმანებზე გიწევს ფიქრი, როგორიცაა: სამოგზაურო დაზღვევა, ტრანსპორტირება ჯერ საქართველოს ტერიტორიაზე, შენი სახლიდან აეროპორტამდე და შემდეგ საზღვარგარეთ, ჩაფრენის შემდეგ - სასტუმრომდე. როგორც წესი, თუ მეგობრებთან ერთად მიდიხარ და ამ ყველაფერს ჯგუფურად გეგმავ, პასუხისმგებლობა სხვებზეც გადანაწილებულია ხოლმე, მაგრამ მარტო მოგზაურობისას, ყველაფრის მოგვარება მხოლოდ შენ გიწევს. ასე მოხდა ჩემს შემთხვევაშიც. რომში მარტო წასვლა ცხოვრების ისეთ ეტაპზე გადავწყვიტე, როცა ეს აუცილებლად მჭირდებოდა. იტალიაზე მანამდეც ბევრჯერ მიფიქრია, თუმცა ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი განსაკუთრებული - სპონტანურად, მოცემული მომენტისა თუ სიტუაციის შესაბამისად ხდება ხოლმე. ამჯერადაც, რომში წასვლა უცბად დაიგეგმა. ბილეთების შეძენის შემდეგ, ზუსტად რამდენიმე კვირაში, "ომნიბასში" ვიჯექი ქუთაისის აეროპორტისკენ მიმავალი.

გაფრენამდე რამდენიმე საათით ადრე გავიგე, რომ ჩემი ნაცნობის ნაცნობმა, იტალიაში მცხოვრებმა ქართველმა ტაქსის მძღოლმა, ფიუმიჩინოს აეროპორტიდან - ჩემს გესთ-ჰაუსამდე, უკვე შეთანხმებული, მეტ-ნაკლებად ლოიალური ფასი ევროპაში გაძვირებული საწვავის გამო გააორმაგა. აქვე აღვნიშნავ, რომ იტალია ჩემთვის პირველი ევროპული ქვეყანა იყო. მოგზაურობის სპონტანურობიდან გამომდინარე, არ ვიცოდი აეროპორტიდან ქალაქის ცენტრში მოსახვედრად ალტერნატიული გზების არსებობის შესახებ. ტაქსი ფასნამატის გამო, გადავიფიქრე. მიუხედავად იმისა, რომ წარმოდგენაც კი არ მქონდა, დილის 4-ზე იქ არსებულ სატრანსპორტო საშუალებების ხელმისაწვდომობაზე, გადაწყვეტილება სწრაფად მივიღე. გამოსავალი კი ასე ჟღერდა: რამეს მოვახერხებ...

პასპორტ-კონტროლზე, რიგში დგომისას ვფიქრობდი ყველა შესაძლო სიტუაციაზე, რა დროსაც მჭახე ქუთაისურმა საუბარმა გამომაფხიზლა. უნებლიედ, ჩემ წინ მდგომი ორი იმერელი ქალის საუბარს ყური მოვკარი. ისინიც ფიუმიჩინოს აეროპორტიდან, რომელიც რომიდან რამდენიმე კილომეტრის მოშორებით მდებარეობს, სასტუმრომდე ტრანსპორტირებისთვის ვიღაც იტალიაში მცხოვრები ქართველი ტაქსის მძღოლის მომსახურებას განიხილავდნენ, ჩემთვის გამეფიქრა - ეს უეჭველი ის ტიპია, ვინც ჩემთან შეთანხმებული ტარიფი თბილისიდან ქუთაისამდე გამიორმაგა მეთქი. დიალოგში ბოდიშის მოხდით ჩავერთე და ჩემი მათ ჯგუფთან შეამხანაგება შევთავაზე. იდეა: ხარჯის ორის ნაცვლად სამ ადამიანზე გადანაწილება მათაც მოეწონათ.

ბორტზე ასვლის შემდეგ, საშინელი თავის ტკივილი დამეწყო. იმ დღეს ჩემს თავს დავპირდი, რომ ეს ბოლო ფრენა იყო ილუმინატორთან. დაბალი კლასის თვითმფრინავში, ჩემნაირ მაღალ, სკამზე გაკოჭილ ადამიანს, აშკარად მარწუხებში აქცევს არსებული სიმჭიდროვე, სუნთქვას უკეტავს და კლაუსტროფობიულ შიშებს უნვითარებს. ხშირად ფეხზე წამოდგომისა და გავლის შესაძლებლობაც არ მქონდა, რადგან სხვა მგზავრების შეწუხება მიწევდა ყოველი მუხლის გაშლისას. თანდათან, წნევის ცვალებადობასთან ერთად, სკამი კიდევ უფრო მოუხერხებელი გახდა, ხოლო თვითმფრინავის ჭერმა კიდევ უფრო დაბლა დაიწია, ვიდრე წარმოვიდგენდი. ძალიან დიდხანს ვიბრძოლე ჩასაძინებლად და ბოლოს, სადღაც ერთი საათის მერე - ჩამეძინა. ჰაერში ყოფნისას, ხმაურმა გამომაღვიძა:

- შენნაირი ადამიანები არსად უნდა შეუშვან!

- რა გინდა მაია?

- რა მინდა?! ენა როგორ გიბრუნდება!!! ბავშვის ფული ხომ გამომართვი, ისიც არ გეყო - მასესხებინე. რამდენი თვეა გეძებ... გირეკავ, გწერ, ნომერი გათიშული გაქვს, არსად ჩანხარ. იცი მაინც რა ფული მოგეცი?

- მე გითხარი, არ ვიცი როდის დაგიბრუნებ მეთქი. თუ ასეთი სიტუაცია გქონდა, შეგეძლო არ მოგეცა.

- არ მაინტერესებს. გითხარი, რაც შეიძლება მალე დამჭირდება მეთქი. თანხის ნახევარი ჩემი შვილის თვალის ოპერაციის ფული იყო, ნაწილი კიდევ შენ გამო ვისესხე და მერე იძულებული გავხდი ჩემი ხელფასიდან გაჭირვებით გადამეხადა. რას ვიფიქრებდი თუ თვითმფრინავში გნახავდი. თვეებია გეძებ. გეუბნები, ან დააბრუნე, ან სასამართლოში ვიდავოთ. გირჩევნია, სანამ იტალიამდე ჩავალთ, მანამდე შევთანხმდეთ!

- ვერაფერს დაგპირდები. საქართველოში ხომ იცი როგორც ხდება? ჩამოვედი და ფული გამიქრა, ერთ ევროიანი არ მაქვს თავდაყირაც რომ დამკიდო.

- თავდაყირაც დაგკიდებ, და სხვა რაღაცასაც დაგმართებ თუ ფულს არ დამიბრუნებ.

- საღამოობით რომ გნახულობდი ხოლმე, მაშინ ხომ იყავი კმაყოფილი?!

- უსირცხვილო კაცი ხარ. გული მერევა შენზე გათახსირებულო! მე გნახულობდი?! შენ არ მწერდი?

- კარგი, არ გვინდა აქ, ასე, საჯაროდ... თორემ ხომ იცი, არ იქნები ბედნიერი ყველაფერი რომ ხმამაღლა ვთქვა.

მაიამ უკან დაიხია, მძიმე ბუტბუტით წყევლა დაიწყო და მის ადგილს დაუბრუნდა. ბორტზე მგზავრები ორ მხარედ გაიყვნენ. მათი ნაწილი მაიას მიმართ სოლიდარულად განეწყო, ზოგმა კი ამ კაცის პოზიცია დაიჭირა და მათ თვალში მსუბუქი ყოფაქცევის ქალის იარლიყის მიწებებით, მაიას გამტყუნება იმ მიმართებით დაიწყეს: "სანამ სექსი ჰქონდათ, ფულს ხომ აძლევდაო...". იმ დროს მხოლოდ ერთ რამეზე ვფიქრობდი: მინდოდა მშვიდად ჩავფრენილიყავი ფიუმიჩინოში და შემდეგ სასტუმრომდე მიმეღწია. აეროპორტში გაცნობილი ქუთაისელი ქალები ჩემგან რამდენიმე რიგის მოშორებით ისხდნენ. მათი იმერული ტემპერამენტის მიუხედავად, საკმაოდ მშვიდად შეხვდნენ თვითმფრინავის დრამას, რაც ძალიან მესიამოვნა.

რამდენიმე ტურბულენტობის შემდეგ, ბორტზე ძალიან დაცხა. მოკეცილ და წინა სავარძლის საზურგეზე მიჭეჭყილ მუხლებში, არასათანადო სისხლის მიმოქცევის გამო, ფეხებში მგრძნობელობა დავკარგე. ჩაძინებამდე, მოსაცმელი გავიძრე.