ჩემ შესახებ

ვებ გვერდი ეკუთვნის ლუკიანეს, იგივე ლუკა კირკიტაძეს. გრაფიკული დიზაინერი, მუსიკოსი, ფოტოგრაფი და კონტენტ კრეატორი საქართველოდან. ამჟამად მოღვაწეობს გერმანიაში.

───────────────────

Self-Biography:

ჩემი, როგორც არტისტის მოღვაწეობა ადრეული ბავშვობიდან დაიწყო. მაშინ, როცა ჯერ კიდევ 4 წლის ვიყავი, ბებიაჩემის ნაჩუქარ, საბჭოთა კავშირში აწყობილ ''ბელარუსის'' ფორტეპიანოზე, ტელევიზორსა თუ რადიოში მოსმენილი მუსიკა კლავიშზე ავტომატურად გადამქონდა. გავიზარდე დასავლეთ საქართველოს პატარა ქალაქ (რაიონ) ზესტაფონში. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომი პერიოდის დროინდელი საქართველო და განსაკუთრებით პატარა ქალაქი, სადაც ბავშვობა გავატარე, ძალიან ჩაკეტილი, მძიმე, კონსერვატიული და უღიმღამო იყო. მეგობრებისა და თანამოაზრეების სიმცირის (ფაქტობრივი არარსებობის) გამო უმეტესი ნაწილი, საკუთარი უნარების განვითარებას დავუთმე, რაშიც ჩემი ოჯახი ძალიან დამეხმარა. ჯერ კიდევ იმ პერიოდში, ჩვენს მაშინდელ სახლში მოგვეპოვებოდა არალეგალური, სსრკ-ს დროს, ებრაელი გარემოვაჭრეებისგან შეძენელი დასავლური მოდისა თუ სამეცნიერო ჟურნალები და ლიტერატურა, რომელიც ჩემი ინტერესის ერთ-ერთი მთავარი ობიექტი იყო.

სამხატვრო სკოლაში სწავლის დაწყების შემდეგ, კომპოზიციის, ტიპოგრაფიისა და სხვადასხვა გრაფიკული სტილის აღქმა პროფესიონალურად გამომიმუშავდა. თუმცა სამხატვრო სკოლა არ ყოფილა ჩემი პირველი ხელოვნებასთან დაკავშირებული ინსტიტუცია, სადაც ჩემმა ოჯახმა მიმიყვანა. მანამდე იყო მუსიკალური სკოლა, რომელიც ელემენტარული განათლების მიღებამდე დაიწყო. სანამ ქართულად წერა - კითხვა ვისწავლე, უკვე მუსიკალურ ნოტებს ვცნობდი.

არც ისე მარტივი იყო სკოლამდე ასაკის ბავშვისთვის ტაქტისა და თვლის ახსნა. 2/4, 4/4 და ა.შ., მაგრამ ჩემმა მაშინდელმა მუსიკის მასწავლებლებმა რაღაცნაირად ეს მოახერხეს. რაც თავი მახსოვს, გრაფიკული დიზაინი, ფოტოგრაფია და მუსიკა ყოველთვის ჩემი ცხოვრების საკმაოდ დიდი ნაწილია, მიუხედავად იმისა, რომ საჯარო სკოლის და ზოგადი განათლების მიღების შემდეგ, ჩემი კარიერა ლინგვისტიკაში გავაგრძელე და აღმოსავლეთმცოდნეობის მიმართულებას გავყევი (არაბული ენა, ისტორია და კულტურა). ბაკალავრიატის დამთავრების შემდეგ, კვლავ დავუბრუნდი ჩემს ძირითადად ფესვებს და დავიწყე ბავშვობის დროინდელი მუსიკალური კომპოზიციების ჩაწერა. ასევე შევქმენი ახალი ინსტრუმენტალური ნაწარმოებებიც. ჩემი ნამუშევრების მოსმენა შესაძლებელია მუსიკალურ სთრიმინგ პლათფორმებზე, როგორებიცაა: Spotify, Deezer, Amazon Music, Apple Music, Tidal და სხვა. ჩემი ''სთეიჯ" სახელია - Lukián. ჩემი კომპოზიციები: Sunflowers, Looking Forward, Dots, Dystopia, Childhood Stories.

ამჟამად ვმოღვაწეობ გერმანიაში, ვსწავლობ დიზაინის მმართველობის სამაგისტრო პროგრამაზე. აქტიურად მივყვები ადგილობრივ ტრენდებს და ვცდილობ ევროპული ბაზრის სპეციფიკის შესწავლას გრაფიკული დიზაინის მიმართულებით.